“დასაბამი და იმპერია” – აიზეკ აზიმოვი

აიზეკ აზიმოვის “დასაბამი და იმპერია” „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ სერია „დასაბამის“ სერიით გამოსცა.

წიგნის ავტორია აიზეკ აზიმოვი / Isaac Asimov (1920 – 1992) ამერიკელი ბიოქიმიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობების მწერალი. პირველი ნოველა მან 11 წლის ასაკში დაწერა.  სულ მთლიანობაში მან 500-მდე წიგნი დაწერა ან დაარედაქტირა. თავისი ცხოვრების პერიოდში ის ფანტასტიკური მწერლების „დიდებული სამეულში“ რობერტ ჰაინლაინისა და არტურს კლარკთან ერთად შედიოდა. აზიმოვი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამი სერიით: Foundation (დასაბამი), Galactic Empire (გალაქტიკური იმპერია), Robot (რობოტი).

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულიდან“ ერთ-ერთს, აიზეკ აზიმოვს, სხვადასხვა კატალოგის მიხედვით, 500-ზე მეტი ნაწარმოები აქვს შექმნილი. მისმა ნაწერებმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურაზე, არამედ მეცნიერების სხვადასხვა დარგზეც.

შეიძლება ითქვას, რომ „დასაბამი“ აზიმოვის კოლოსალური შემოქმედების ხერხემალია. 1965 წელს მან მოიგო ჰუგოს პრემია ყველა დროის საუკეთესო სერიისთვის.

დასაბამი და იმპერია“ ორიგინალური ტრილოგიის მეორე წიგნია. თუმცა, ათწლეულების შემდგომ აზიმოვმა სერიას 4 ნაწარმოები შეჰმატა და „დასაბამის“ სამყაროს ქრონოლოგიაში „დასაბამი და იმპერია“ მეოთხე წიგნად გადავიდა. მასში გავრცობილია პირველ წიგნში განხილული თემები და ტექსტი სხვა ლიტერატურულ ღირებულებებსაც იძენს. გვხვდებიან ახალი და საინტერესო პერსონაჟები. ნაწარმოები ღირსეულად აგრძელებს გალაქტიკის ისტორიას და კიდევ უფრო შთამბეჭდავი თავგადასავლებისკენ მიგვიძღვის.

ძალაუფლების ბრძოლა თან გვდევს. ზოგს მხოლოდ და მხოლოდ პატარა ჯგუფის ხელმძღვანელობა უნდა, ზოგს სახლის, თემის და ქალაქის, ზოგს კი ქვეყნისაც. ისტორიაში ბევრი გვინახავს ისეთი ვისაც გადაუწყვეტია მსოფლიო დაიპყროს, თითქოს საკმარისი ადგილი არ არსებობდეს. აქ წიგნში კი უსასრულო მანძილებსა და უთვალავ პლანეტებზეა საუბარი, იმპერიაზე რომელიც ჩვენ გალაქტიკას მმართავს.

პოლიტიკა ბინძურია – ხშირად გაიგებთ. იცით რატომ? ის სულდგმულობს სხვისი შრომითა და სხვისი ჯიბიდან აღებული ფულით.

დღეს ქვეყნებს შორის მოგზაურობა უმარტივესია (მთავარია გქონდეთ ამის საშუალება) და ერთიდან მეორეში ჩასასვლელად მაქსიმუმ ერთი დღე გჭირდებათ. წარმოიდგინეთ ახალი პერიოდი, როდესაც მზის სისტემის პლანეტებზეც მოგზაურობა დღევანდელობის მსგავსი იქნება. შემდგომ მოვა პერიოდი მზის სისტემებს შორის მოგზაურობის. ალბათ ვერ წარმოიდგენთ ეს როგორ უნდა მოხდეს და სწორიცაა, არც ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ როგორ გადაადგილებულიყვნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში დროის მცირე მონაკვეთში.

წიგნის დასასრული დასასრულის დასაწყისია. ეს ის მომენტია როდესაც მოულოდნელად ელი შემდეგი წიგნის გამოსვლას, (ჩვენ შემთხვევაში თარგმნას).

2019.04.19
რატი ბახტაძე

დატოვე კომენტარი