საკუთარი ოთახი

სერია „საკუთარი ოთახი“ ქალ ავტორებს გააერთიანებს. ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს თავიანთი საქმითა თუ სიტყვით ხელი შეუწყვეს თანასწორობის საკითხების წინ წამოწევას, ქალებისთვის უფლებების მოპოვებას, მათ გააქტიურებას. ქალების, რომლებიც არაერთი სხვა ქალისთვის გახდნენ შთაგონების წყარო, მათი წიგნები კი იქცა ახალი ტალღების, ახალი მოძრაობების სათავედ. ეს ნაწარმოებები – მნიშვნელოვანი, აქტუალური ნაწარმოებები – შეგვახსენებენ, რომ მსოფლიოში თანასწორობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელია, რომ არსებობს უამრავი ქალი, რომელთა ხმა უბრალოდ არ ისმის, რადგან ისინი გამომწყვდეულები არიან ტრადიციების, ადათების, ძალადობის, სიღარიბის, აუნაზღაურებელი და უჩინარი საშინაო შრომის, დისკრიმინაციული კანონების მარწუხებში. გვჯერა, რომ წიგნებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია და ეს სერია, პირდაპირ თუ ვერ შეცვლის, შთაგონებით მაინც ბევრი ქალის ცხოვრებას უბიძგებს უკეთესობისკენ.
სერიას სახელი ვირჯინია ვულფის საკულტო ფემინისტური ესეის, „საკუთარი ოთახის“ მიხედვით ეწოდა.