“ოპერის მოჩვენება” – გასტონ ლერუ

“ოპერის მოჩვენება“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ.

გასტონ ლერუ (1868-1927) გამოჩენილი ფრანგი მწერალი, აღიარებული დეტექტიური ჟანრის ოსტატი და ავტორია ცნობილი ნაწარმოებების: „ოპერის მოჩვენება, „მოჯადოებული სავარძელი“ და „განძის მაძიებელნი“.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

პარიზის ოპერის იდუმალებით მოცული შენობა მრავალ საიდუმლოს ინახავს. პარიზელებს მისი აგებიდან მოყოლებული აფორიაქებდათ უცნაური ჭორები ოპერის ამოუცნობი ლაბირინთების, მიწისქვეშა სამყაროსა და მისი უცნაური ბინადრების შესახებ. სწორედ ამ ხმებსა და ქალაქურ ლეგენდებზე შეიქმნა გასტონ ლერუს „ოპერის მოჩვენება“, ლამაზი, დახვეწილი, იდუმალი კლასიკური რომანი, რომელიც მრავალ კინოადაპტაციასა და თეატრალურ დადგმას დაედო საფუძვლად.

„ოპერის მოჩვენება“ პარიზის ოპერის ბნელ დერეფნებში მიგვიძღვის, ბალერინებისა და მომღერლების საგრიმიოროებში გვახედებს და გვეჩურჩულება სევდიან ამბავს იქ მცხოვრებ აჩრდილზე, რომელიც ბევრ ბოროტებას სჩადის, იმიტომ, რომ უდიდეს სიყვარულსა და ვნებას დაუმონებია. ზოგიერთისთვის ის მუსიკის ანგელოზია, ზოგისთვის – სასტიკი დემონი და მხოლოდ ორიოდე ადამიანმა იცის, სინამდვილეში ვინ იმალება მოსასხამისა და მკვდრის ნიღბის უკან. წიგნის ყოველი გვერდი დიდი სიყვარულის, მკვლელობების, აუხსნელი მოვლენების გამოცანას ინახავს. ვინ იცის, იქნებ ზებუნებრივისთვისაც კი არაფერი ადამიანური არაა უცხო?!

შეუძლებელია იმ დროინდელ პარიზში არ გადაეყაროთ სიყვარულს. არა მეგობრებო, ეს ის სიყვარული არაა რომელზეც ფიქრობთ, არამედ ეს უფრო ნატიფია, ნაზი და მგრძნობიარე. ეს ისაა რომელსაც ჰიუგოს და ბალზაკის ნაწარმოებებში თუ გადააწყდებით და თანამედროვეობაში იშვიათად შეგხვდებათ.

ავტორი კარგი ენით გადმოსცემს სათქმელს. გეგონება დოკუმენტურ ნაწარმოებს კითხულობ და ამავდროულად მასში რომანიცაა. ამბავი სიყვარულზე, ამბავი მისტიკურსა და რაღაც თუ ვიღაც ამოუცნობზე.

კითხვისას გიჩნდება განცდა რომ უნდა შეგებრალოს ადამიანი რომელსაც ბოროტი განზრახვები აქვს. და ამ დროს ფიქრობ? განა მას ამის უფლება არ ჰქონდა? მოეკლა… დაეშანტაჟებინა და გაეკეთებინა ის რაც ჩაიდინა. თუმცა ეს წამიერი გაელვება. ხვდები რომ მას არანაირი გამართლება არ უნდა ჰქონდეს. გული გწყდება რომ ასეთი გენია უბრალოდ ორთქლდება და მისი სიმახინჯისა თუ გარკვეული ნაკლის გამო იკარგება.

ეს ის წიგნია „უნდა წაიკითხოში“ რომ გადის. არა აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა კლასიკა, ან ნანახი გაქვთ თუ არა მისი რომელიმე ფილმის ადაპტაცია. დარწმუნებული ვარ ნებისმიერს შეუძლია მისი კითხვით დატკბეს და ისიამოვნოს.

29.01.2019
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

დატოვე კომენტარი