“თავისუფლება და საკუთრება და სხვა ესეები” – ლუდვიგ ფონ მიზესი

ლუდვიგ ფონ მიზესიამ ბლოგში სახელმძღვანელოდან ძირითადი პასტულატებია ამოღებული, რომელიც ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ნებისმიერი მკითხველისთვის.

ლუდვიგ ფონ მიზესი eლუდვიგ ფონ მიზესი / Ludwig von Mises – (1881-1973) ავსტრიელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, სოციოლოგი და კლასიკური ლიბერალიზმის მომხრე. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის ავსტრიული სკოლის განვითარებაში. ფრიდრიხ ჰაიეკთან ერთად ლიბერტარიანიზმის ფილოსოფიის დამაარსებლად ითვლება

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„წინა თაობათა იდეებთან ჭიდილში ლუდვიგ ფონ მიზესმა შეძლო ბევრის აზროვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეესრულებინა. ფრიდრიხ ჰაიეკი (ავსტრალიელი ეკონომისტი, ნობელის პრიზის ლაურეატი ეკონომიკაში, 1974 წ.).

მიზესმა შეძლო და სრულიად მკაფიოდ აჩვენა, როგორ ამცირებს თავისუფალი ბაზარი სიდუხჭირეს, ათავისუფლებს ადამიანის არსს და აჩენს შესაძლებლობას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვისუნთქოთ თავისუფლად. ჯიმ პაუელი (ამერიკელი ეკონომისტი, კატონის სახელობის ინსტიტუტის მკვლევარი).

მიზესმა დაგვიმტკიცა, რომ მთავრობის ინტერვენცია, გარდა იმისა, რომ აფერხებს და ამახინჯებს საბაზრო ურთიერთობებს, დასახული მიზნების მიღწევის მცდელობისას, სრულიად საწინააღმდეგო შედეგებს იწვევს, და თუ არ გაწყდება ინტერვენციონიზმის ეს ჯაჭვი, მაშინ პროცესი სოციალიზმის დამკვიდრებით დასრულდება. მარი როთბარდი (ამერიკელი ეკონომისტი, მიზესის სახელობის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი).

მიზესის შრომები იმსახურებენ, რომ ყველა კოლეჯსა და უნივერსიტეტში ისწავლებოდეს. ამასთან, არა მარტო ეკონომიკის, არამედ ყველა საზოგადოებრივი მეცნიერების ფაკულტეტებზე. ის იმსახურებს ნობელის პრიზს და თანაც, არაერთს. ის იმსახურებს ყველა სახის აღიარებას და ჯილდოს, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჟორჯ რეისმანი (ამერიკელი ეკონომისტი, პეპერდინის უნივერსიტეტის პროფესორი).“

წიგნში მიმოხილულია ფულის ადგილი ეკონომიკურ საქონელს შორის, სადაც საუბარია მონეტარულ ფუნქციასა და ფულის ღირებულებაზე, ფულის მარაგსა და ფულზე მოთხოვნა, ფულის შემცვლელებზე.


კანონმორჩილი მოქალაქე გაწეული შრომით ემსახურება როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემო მყოფთ, და ამ გზით ახორციელებს მშვიდობიან ინტეგრაციას სოციალურ წესრიგში. მძარცველი კი, მეორე მხრივ, მოწოდებულია ძალისმიერი გზით მიითვისოს სხვათა შრომის ნაყოფი.


ხიშტებსა და ზარბაზნებზე საშიში იარაღია გონება.


 „ნივთის ღირებულება გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ ვიყენებთ მას და რას მოველის მისგან, ასეთი ნივთების რაოდენობის გათვალისწინებით“ (John Law).


ამერიკელმა, შესაძლოა, ამგვარად გამოხატოს თავისი უკმაყოფილება პროგრესირებადი ბიუროკრატიზაციის სიავის თაობაზე:

„ჩვენი ტრადიციული ამერიკული მმართველობის სისტემა ეფუძნებოდა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლების განცალკევებასა და ფედერაციასა და შტატებს შორის იურისდიქციის სამართლიან გაყოფას. კანონმდებლებს, ყველაზე მნიშვნელოვან აღმასრულება და მოსამართლეთა უმეტესობას არჩევნების წესით ირჩევდნენ. ამიტომ უზენაესი იყო ხალხი, ამომრჩეველი. უფრო მეტიც, ხელისუფლების სამი შტოდან არც ერთს ჰქონია უფლება, ჩარეულიყო მოქალაქეთა პირად საქმეებში. კანონმორჩილი მოქალაქე თავისუფალი ადამიანი იყო.

მაგრამ ახლა, მრავალი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით „ახალი კურსის“ გაჩენის შემდეგ, ძალაუფლების მქონენი მზად არიან შეცვალონ ეს ძველი და გამოცდილი დემოკრატიული სისტემა უპასუხისმგებლო და თვითნებური ბიუროკრატიის ტირანული მმართველობით. ბიუროკრატს ამომრჩეველი არ ირჩევს, მას სხვა ბიუროკრატი ნიშნავს. მან მიითვისა საკანონმდებლო ძალაუფლების დიდი ნაწილი.“


საზოგადოება ვერ შეუწყობს ხელს გენიოსების აღზრდასა და შექმნას. შემოქმედ გენიოსს ვერ ასწავლი. შემოქმედებისთვის სკოლები არ არსებობს. გენიოსი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უგულებელყოფს სკოლებსა და წესებს, რომელიც გადაუხვევს ტრადიციული რუტინული გზიდან და აღმოაჩენს ახალ, მანამდე გაუვალ გზებს.

გენიოსი ყოველთვის მასწავლებელია და არა მოსწავლე; ის ყოველთვის თვითნასწავლია. იგი არასოდეს არ განიცდის მოწიწებას მათ მიმართ, ვისაც ძალაუფლება გააჩნია. მაგრამ, მეორე მხრივ, მთავრობამ შეიძლება შექმნას პირობები, რომლებიც ჩაახშობს შემოქმედებით სულს და ხელს შეუშლის საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურს.


„პროგრესისტები“ ძალიან ცდებიან, როდესაც წარმოების შემოქმედებითი ხელმძღვანელობის ნაკლებობას უჩივიან – ადამიანების ნაკლებობა კია არ არის, არამედ იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც მათ საკუთარი ნიჭის გამოყენების საშუალებას მისცემდა. თანამედროვე პოლიტიკა ისევე უკრავს ხელფეხს ნოვატორებს, როგორც შუა საუკუნეების გილდიის სისტემა.


ერთ-ერთი თვისება, რომელიც მოეთხოვება მაღალი თანამდებობის პირს, სწორედ ადამიანების სწორად შეფასების უნარია. ვისაც ეს არ გამოსდის, საფრთხეს უქმნის წარმატების შანსს. ის არანაკლებ ზიანს აყენებს საკუთარ ინტერესებს, ვიდრე მათ, ვისი ეფექტიანობაც სათანადოდ ვერ შეაფასა.


თუ ქალაქის სატრანსპორტო სისტემა კლიენტს იმდენად დაბალ ტარიფს ახდევინებს, რომ საექსპლუატაციო ხარჯები ვერ იფარება, მათ, ვინც ტრანსპორტს იყენებს, ფაქტობრივად გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ.


ძირითადი განსხვავება პოლიციელსა და გამტაცებელს შორის, ან გადასახადის ამკრეფსა და მძარცველს შორის ის არის,, რომ პოლიციელი და გადასახადის ამკრეფი ემორჩილებიან და ასრულებენ კანონს, გამტაცებელი და მძარცველი კი არღვევენ მას. კანონს თუ გააუქმებ, საზოგადოებას ანარქია გაანადგურებს. სახელმწიფო ერთადერთი დაწესებულებაა, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს ძალადობა და იძულება და ზიანი მიაყენოს ადამიანს. ეს უზარმაზარი ძალა არ შეიძლება რამდენიმე ადამიანს ჩაუვარდეს ხელში, რაც უნდა კომპეტენტურებად და ჭკვიანებად მიიჩნევდნენ თავს. ამ ძალის გამოყენების შეზღუდვა აუცილებელია. ეს არის კანონების მიზანი.


სახელმწიფო სამსახურები არ იძლევა პირადი ნიჭის გამოხატვის საშუალებას. რეგლამენტირება ახშობს ინიციატივას. ახალგაზრდას აღარ აქვს ილუზიები თავის მომავალზე. მან იცის, რა მოელის. ის მიიღებს სამუშაოს ურიცხვი ბიუროებიდან ერთ-ერთში, გახდება მეტ-ნაკლებად მექანიკურად მომუშავე დიდი მანქანის ჭანჭიკი. ბიუროკრატიული სისტემის რუტინა დაამახინჯებს მის გონებას და ხელ-ფეხს შეუკრავს. ის დაცული იქნება, მაგრამ ისევე, როგორც პატიმარი ციხის კედლებში. ვერასოდეს შეძლებს გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი ბედის წარმართვას. იქნება ადამიანი, რომელზეც სხვები ზრუნავენ. ვერასოდეს გახდება ნამდვილი კაცი, რომელსაც საკუთარი ძალების იმედი აქვს. ჟრუანტელს მოჰგვრის უზარმაზარი სასამსახურე შენობის დანახვა, რომელშიც თავს დაიმარხავს.


პოლიტიკურ ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა უმრავლესობის ნებას აქვს და უმცირესობა მას უნდა დაემორჩილოს. თუმცა ის უმცირესობაც ემსახურება, თუკი ის იმდენად მცირე არ არის, რომ შესაძლებელია მისი უგულებელყოფა. მსუბუქი მრეწველობა ტანსაცმელს არა მხოლოდ ჩვეულებრივი ზომის ადამიანების, არამედ მსუქნებისთვისაც აწარმოებს, ხოლო გამომცემლები არა მხოლოდ მასაზე გათვლილ ვესტერნებსა და დეტექტივებს ბეჭდავენ, არამედ უფრო დახვეწილ მკითხველზე გათვლილ წიგნებსაც.


თავისუფალ ქვეყანაში არავინ იზღუდება, რომ მომხარებლების უკეთ მომსახურების გზით გამდიდრდეს. ის, რაც ადამიანს ესაჭიროება – გონიერება და შრომისმოყვარეობაა.

09.07.2018
რატი ბახტაძე

„თავისუფლების ბიბლიოთეკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

დატოვე კომენტარი